“მერაბიშვილმა ვერ აღწერა იმ პირების ვიზუალური მახასიათებლები, ვინც საკნიდან გაიყვანა”

“ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების თავისი დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები“, – ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა, თამუნა ვახანიამ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც თამუნა ვახანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მერაბიშვილმა ვერ დაასახელა იმ პირების სახელები და გვარები, რომლებმაც ის საკნიდან გაიყვანა.
“ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები, ასევე, გვარობითი ინდივიდური ნიშან-თვისებები. მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, აუცილებელია, დასახელდეს იმისთვის, რომ შემდგომში განხორციელდეს და ჩატარდეს ამოცნობა”, – ამბობს ვახანია.
ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილი, დაახლოებით, 2 საათია, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად პროცესს მერაბიშვილის ადვოკატებიც ესწრებიან.
ცნობისათვის, ივანე მერაბიშვილმა საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია 2013 წელს გაახმაურა. მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა მოკვლევამ ვერაფერი დაადგინა. მოგვიანებით კი გამოძიება ევროსასამართლოს დასკვნის საფუძველზე განახლდა. მერაბიშვილი საკნიდან გაყვანაში ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები