“ჰეროინის” შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულებს თავისუფლების 9-9 წლით აღკვეთა განესაზღვრათ (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულები ე.თ. და ნ.ა. დამნაშავეებად ცნო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით – 0,5057 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2018 წლის 14 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჯგუფურად 500 ლარად უკანონოდ გაასაღეს.
სამართალდამცველებმა ე.თ. და ნ.ა. 2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღსანიშნავია, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ ასევე სხვადასხვა დროს ნარკოტიკული დანაშაული ჩაიდინეს. ე.თ.-მ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), ხოლო ნ.ა.-მ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), რისთვისაც მათ აღნიშნული მუხლებით ბრალდება წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.თ. და ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და, ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით, ორივეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-9 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები