სტეფანწმინდაში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა

დაბა სტეფანწმინდაში, ჭაბუკებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში, ხევის ტიტულოვანი მოჭიდავის ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და მიმდინარე წლიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით აღდგა.
„ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, ინგუშეთიდან და დაღესტნიდან. ფინალური ბლოკი 12 მაისს დაჯილდოებით დასრულდა. ჩემპიონები და პრიზიორები 14 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ“,- აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტარიელ ალიბეგაშვილის ოჯახის წევრები, ევროპისა და საბჭოთა კავშირის პრიზიორი, არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გოდერძი მარსაგიშვილი. ტურნირს მთავარ მსაჯობას ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი ედიშერ მაჩაიძე უწევდა.
ცნობისთვის, ტარიელ ალიბეგაშვილი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი. მისი სახელობის ტურნირი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
ტურნირი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები