გივი მოდებაძე: გპირდებით, მერად არჩევის შემთხვევაში, ვიმუშავებ ჭიათურის ეკონომიკური გაძლიერებისთვის
მმართველი პარტიის ჭიათურის მერობის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ საარჩევნო შეხვედრები დღეს სოფელ ნიგოზეთსა და უსახელოში ჩაატარა. შეხვედრებზე გივი მოდებაძემ ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აქცენტი 2012 წლის შემდეგ ჭიათურაში განხორციელებულ პროექტებზე გააკეთა.
“2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” ჭიათურას ათობით უმნიშვნელოვანესი პროექტი მოუტანა. მათ შორის აღსანიშნავია, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს თქვენ ჭიათურას გაცილებით მოკლე დროში და კომფორტულად უკავშირდებით – ეს სიკეთე სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოიტანა თქვენთვის. გარდა ამისა, თქვენს სოფელში განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, განვითარდა მეჩაიეობა. მე გპირდებით, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვან. ვიქნები თითოეული თქვენგანის მერი, ვიმუშავებ ჭიათურის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს კეთილდღეობას მოუტანს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 19 მაისის არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ჭიათურელი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.