მერაბ ქვარაია: ნეპოტიზმი და კორუფცია არის “ნაცმოძრაობის” ხელწერა (ვიდეო)
კორუფცია, ძალადობა, კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი, ყოველგვარი უკანონობა ეს არის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, – ასე შეაფასა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში გამართული ბრიფინგი, სადაც ლევან ბეჟაშვილმა “ქართული ოცნების” წევრები ნეპოტიზმში დაადანაშაულა. ამასთან, ბრიფინგზე ბეჟაშვილმა კონკრეტული პირები დაასახელა, მათ შორის, მერაბ ქვარაია და ლაშა გვასალია.
“კორუფცია, ძალადობა, კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი, ყოველგვარი უკანონობა ეს არის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. საზოგადოებამ ეს ნახა, ჩვენ ეს სცენარი ნანახი გვაქვს და კიდევ კარგი, რომ ეს დროზე დასრულდა. დღეს ეს არის მათი კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა მერწმუნეთ ეს შედეგს ვერ გამოიღებს. არანაირი შანსი მათ კანდიდატს, მათი მეთაურის მეუღლეს, არანაირი შანსი არ გააჩნია. ყველა მათი მცდელობა, მიმართულია რომ როგორმე გადაარჩინონ წაგებული არჩევნები. ამას მეტყველებს ყველა კვლევა, რომელიც ტარდება ჩვენ მიერ, თუ ნეიტრალური ორგანიზაციების მიერ, რომ მათ კანდიდატს ამ არჩევნებზე არანაირი შანსი არ გააჩნია. ჩვენ მსგავს პროვოკაციებს მათგან კვლავ უნდა ველოდოთ”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ენმ-ს ბრიფინგს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის თანაშემწე, ლაშა გვასალიაც გამოეხმაურა, რომლის სახელიც ლევან ბეჟაშვილმა გააჟღრა და ისიც ნეპოტიზმში დაადანაშაულა.
გვასალიას თქმით, აღნიშნული ბრიფინგი “ნაცმოძრაობის” მორიგი შვი პიარია, რაც, მისივე თქმით, მათ აგონიაში ყოფნაზე მიანიშნებს.
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი შავი პიარი ჩვენ წინააღმდეგ. ისინი აგონიაში არიან და იგონებენ ათას რაღაცებს. რუსთავი 2 ჩასაწერად მოვიდა 9 მაისს, როცა იყო დასვენების დღე და მათ კითხვას, მუშაობს თუ არა ჩემი მეუღლე საკრებულოში, ვუპასუხე რომ დააგვიანდათ, დღეს არ მუშაობს. მათ “დღეს” ამოიღეს და გამოვიდა, რომ თითქოს არ მუშაობს. როგორ უნდა დამემალა ის, რაც საჯარო ინფორმაციაა. ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, მუშაობს საკრებულოში და ამის არც მრცხვენია და არაფერი.
ნეპოტიზმი და ყოველივე უბედურება მათი მოგონილია.
ამათი დრო დათვლილია, დამარცხებულები არიან. ბოლო გამოკითხვით გეგა შენგელიამ აიღო 56% და ეს არის მათ რომ აგიჟებს”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” წევრები მაღალ თანამდებობეს არაკეთილსინდისიერად იყენებენ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკუთარ ნათესავებს ასაქმებენ.
“ჩვენ ვაწარმოეთ კვლევა ნეპოტიზმთან დაკავშირებით და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მასშტაბების ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე ზუგდიდში. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ადამიანის სამსახურში არის ჩამდგარი მთელი საჯარო სამსახური ზუგდიდის მერიაში. მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც ჩართული არიან დანაშაულებრივი სქემის შემუშავებაში, ეს გახლავთ: ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია, მაიზერ ნანავა, ლაშა გვასალია და სხვა თანამდებობის პირები. ეს სია საკმაოდ დიდია, რომელთაც პრაქტიკულად გადანაწილებული აქვთ მთელი საჯარო სამსახურები მუნიციპალიტეტში და პრაქტიკულად მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები არიან დასაქმებული მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი ბიუჯეტის75-80%-ზე მეტი იხარჯება ხელფასებზე და გვაქვს ის სავალალო ვითარება, როდესაც ზუგდიდში არ გვაქვს გზები, არ გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები და პრაქტიკულად არაფერი არ ხორციელდება ზუგდიდისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და მივაწვდით ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაბამის ინფორმაციას,რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივ საქმეზე გამოძიება ნეპოტიზმისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის კონკრეტული მუხლების შესაბამისად ამ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.