გიორგი შენგელია: 2012 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი – გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ექიმებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ მედიკოსებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ზუგდიდში განხორციელდება.

,,მუნიციპალიტეტი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენი მთავრობის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, მოქალაქეებს აქვთ წვდომა ჯანდაცვის ყველა სერვისზე და ეს კარგი მონაპოვარია.

2012 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა. ხდება არაერთი მიმართულების დაფინანსება, მათ შორის, ძვირადღირებული მედიკამენტის და გამოკვლევების დაფინანსება, ოპერაციების თანადაფინანსება, ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და სხვა პროგრამები”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

გიორგი შენგელიას განცხადებითვე, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა, რომლის მომსახურებითაც, ადგილობრივებთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ. ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ობიექტის გადაცემა მიმდინარეობს.

კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან შედგება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი 220 საწოლზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები