ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან გამართული აქციის მონაწილე ქალი ცუდად გახდა
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე ქალი ცუდად გახდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან აფხაზეთიდან დევნილებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სანდრა რულოვსის კანდიდატურის მოხსნას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს თბილისიდან ფოცხოეწერში დევნილთა ჩამოსახლება შეახსენეს, გააპროტესტეს ის, რომ სანდრა რულოვსი არ ხვდება დევნილებს და არ იცნობს მათ პრობლემებს. ასევე, აქციის მონაწილეებმა პასუხი მოითხოვეს 9 წლის განმავლობაში მომხდარ უკანონობებსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ვილა იყიდა.
აქციის მონაწილეებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში უპასუხეს. სანდრა რულოვსის შტაბში ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი კანდიდატი დევნილებს აქტიურად ხვდება, იყო ყველა კომპაქტურ დასახლებაში და იცის მათი პრობლემების შესახებ. თავად მერობის კანდიდატი ადგილზე არ იმყოფებოდა.