გოგი წულაია: ვპირდები ზესტაფონელებს, დავდგები ქუჩაშიც, რომ ვეჭიდავო თბილისს და წავართვა ის უფლებები, რაც ზესტაფონს ეკუთვნის

მე უკვე ზესტაფონის მერი ვარ, მომცემენ ხმას თუ არ მომცემენ, ეგ სხვა თემაა და 19-ში გაირკვევა, – ამის შესახებ ზესტაფონში ,,თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში განაცხადა.

,,როცა დავდივარ შეხვედრებზე, შევდივარ მაღაზიაში, შევდივარ ბაზარში, ტრანსპორტში და დავდივარ ქუჩაში, მე იმხელა სითბოსა და სიყვარულს ვიღებ, რომ უკვე ზესტაფონის მერი ვარ, გაფორმდება თუ არა ეს ფორმალურად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღის უმეტეს ნაწილს ვკარგავ ბავშვებთან ,,სელფების” გადაღებაში,”- განაცხადა გოგი წულაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კარგად იცნობს ზესტაფონელების საჭიროებებს, რადგან თავად ქუთაისელია და როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას, წულაიამ უპასუხა, რომ პრობლემა ყველა ქალაქში ერთნაირია და ესაა: გზები, დასუფთავება, გაზი, წყალი და ა.შ

,,ყველა ქალაქს აქვს ერთი პრობლემა და ესაა, რომ თვითმმართველობა არის ბუტაფორია. ,,ნაციონალები” გვპირდებოდნენ ამის გამოსწორებას, გვპირდებოდა შევარდნაძეც, მაგრამ ბუტაფორიაა დღემდე და მეტი არაფერი. როგორ შეიძლება იყოს რეალური თვითმმართველობა, თუ მას არ აქვს შემოსავალი. ზესტაფონს აქვს დამატებითი პრობლემა – ,,ფერო”, რომელიც წამლავს ხალხს და იქ მომუშავე ადამიანებს 400-500 ლარს უხდიან და ეს არის ტრაგედია. 500 მილიონი შედის ცენტრალურ ბიუჯეტში ფეროსგან მხოლოდ გაყიდვებით და ზესტაფონს ტრანსფერი აქვს 6 მილიონი, ეს უნდა დამთავრდეს. თუ არ იქნება რეალური თვითმმართველობა და თბილისმა წაიღო ყველაფერი, ვერაფერი შეიცვლება, ზუსტად მაგას ვპირდები ზესტაფონელებს, დავდგები ქუჩაშიც, რომ ვეჭიდაო თბილისს და წავართვა ის უფლებები, რაც ეკუთვნის ზესტაფონს,”- განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები