ეკა ბესელია: იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი კანონპროექტია, უბრალოდ, სირცხვილია

0

“მე აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია და აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მან პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ​მისი თქმით, სამარცხვინოა იმის მოსმენა, თუ როგორ მოსწონს ანრი ოხანაშვილს მისი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი.
“აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა და მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი. იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და ამ ფონზე იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ, სირცხვილია. ის, რომ ამხელა მონოლოგს ვისმენ ოხანაშვილისას, თუ რა საუკეთესო კანონპროექტი მოამზადეს და ამით თურმე აღფრთოვანებულია ყველა და ბედნიერია იმით, რომ ამაში ჩართული ჰყავდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები – უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ. უხერხულია, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი – ჩინჩალაძის ჯგუფი – მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი