გიორგი ცუცქირიძე: საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის

0

„საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის“, – საბანკო და საფინანსო ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ „ბანკები და ფინანსებთან“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
გიორგი ცუცქირიძემ ამავე ინტერვიუში საპენსიო რეფორმაზე, საფონდო ბაზრის მნიშვნელობაზე, სწრაფ ზრდასა და სიღარიბის დაძლევაზე ისაუბრა:
„რეფორმის დაწყებამდე და მერეც იყო ხშირი საექსპერტო შეფასებები, რომ გაიზრდებოდა საგადასახადო ტვირთი დასაქმებულზე, ხელფასიდან გადასახადი 20%-დან 23.2%-მდე ზრდის შედეგად, რაც გააძვირებდა სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებდა დასაქმებაზე. გარდა ამისა, იყო „შიშები“, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას შეიძლება, გამოეწვია არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებაც კი. დღეს საპენსიო რეფორმის ირგვლივ პოლემიკა კვლავ გრძელდება, მაგრამ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი არ ქცეულა რეალობად. გამოჩნდა, რომ ეს რისკები ცოტა გაზვიადებული იყო. რადგან დამსაქმებელი 2 %-ის გულისთვის მოერიდება ხელფასის შემცირებას, თუმცა, ალბათ, სამომავლო ზრდაში გაითვალისწინებს და დაგეგმილზე ნაკლებად გაუზრდის ხელფასებს. დღეს პოლემიკა, ძირითადად, 2 მიმართულებით მიდის: რამდენად სანდოა ფონდის მიერ ჩვენი თანხების მართვა, ანუ სახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხია წამოწეული წინა პლანზე და მეორე ასევე აქტუალურ საკითხად დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულო ხასიათის ნაკლებ ეფექტურობა განიხილება.
დავიწყებ პირველი საკითხით, რომელიც, საბოლოოდ, სახელმწიფოსადმი ნდობა-არნდობაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით რეფორმის არქიტექტურაში, პრაქტიკულად, გამოყენებულია ეთგო-ს (ეკონომიკური თანამშრომრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ყველა სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი და პრინციპი, რომელთა საფუძველზეც უზრუნველყოფილია „ჩინეთის კედლის“ პრინციპები, რაც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს. როგორც ორგანიზაციული, ასევე, დაფინანსების სტრუქტურა აგებულია იმგვარად, რომ არ არსებობს პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის ინსტრუმენტი საინვესტიციო პოლიტიკაზე“, – განაცხადა ექსპერტმა.
ამავე ინტერვიუში გიორგი ცუცქირიძემ საინვესტიციო საბჭოს წევრებსა და მათდამი ნდობით ვალდებულებაზე განმარტება გააკეთა:
„ საინვესტიციო საქმიანობის ბიუჯეტირება ხდება იმგვარად, რომ საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და ფინანსური რესურსების მოთხოვნასა და მართვაზე დისკრეცია ენიჭება საინვესტიციო საბჭოსა და მის წევრებს. რაც მთავარია, მოხდება ე.წ. ციკლური ინვესტიციების უზრუნველყოფა და პორტფელებად დანაწევრება, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება, თავად განსაზღვროს, რომელი ტიპის პორტფელში სურს განთავსდეს მისი აქტივები: ნაკლებად რისკიანში, საშუალორისკიანში თუ მაღალრისკიანში. საინვესტიციო ინსტრუმენტების სანდოობა უზრუნველყოფილია როგორც კანონით, სადაც გაწერილია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საინვესტიციოდ დასაშვები ინსტრუმენტი, აქტივების დივერსიფიცირებულობის მინიმალური მოთხოვნები და აკრძალული ინვესტიციების ტიპები, ასევე – მენეჯმენტი, საინვესტიციო საბჭოს ნდობითი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრები სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი არასწორად შემუშავებული პოლიტიკის შედეგებზე. გარდა ამისა, საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობას განახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა პროცესი და პროცედურა, რომელიც არის აუცილებელი საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავებისა და კანონთან შესაბამისობისთვის, იყოს დაცული მაღალი სტანდარტით. თუმცა, პირველი 3-5 წლის განმავლობაში, საპენსიო ფონდის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, რომლის პირობებშიც აქტივების მართვის პროცესში კერძო კომპანიების ჩართულობა საკმაოდ ხარჯიანია, საპენსიო აქტივების მართვა განხორციელდება საინვესტიციო საბჭოს მიერ, ყველაზე ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს საინვესტიციო რისკების მინიმიზაციას ფონდის ზომის ზრდის პარალელურად. თუ სახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხზეა, მაინცდამაინც, აქცენტები გადატანილი, ცოტა გაუგებარია, მაშინ რატომ არ დგას კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ეროვნული ბანკის სანდოობის საკითხი, რომელიც საერთაშორისო რეზერვებს მართავს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებით? ამდენი წლის მანძილზე, გლობალური კრიზისებიც ვნახეთ და საფონდო ბაზრების რყევებიც, მაგრამ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს საფრთხე არ შეხებიათ, პირიქით დღეს რეზერვების დონე ისტორიულ მაქსიმუმზეც კი არის ასული. მაგ ლოგიკით, ჩვენ ამ სისტემაზე ვერც უახლოეს და ვერც შორეულ მომავლში ვერ გადავალთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო სისტემის რეფორმის დადებითს შედეგებს ქვეყანა და საზოგადოება ერთბაშად ვერ შეიგრძნობს მისი პოზიტიური ეფექტი თვალსაჩინო გახდება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო რეფორმა დაიწყოს მაქსიმალურად სწრაფად“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი