პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან და ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი, მე-2 ან მე-3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“,- აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა, 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება დღეს დატოვა. მსახიობი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა.
წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები