რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  2018 წელს სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი 33 ორგანიზაცია შეამოწმა (მათ შორის, 32 გეგმით გათვალისწინებული, 1 – არაგეგმურად).
რიმა ბერაძის განმარტებით, სარევიზიო კომისია საქმიანობას კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა (რევიზორთა) მეშვეობით ახორციელებს, რომლებიც შესამოწმებელი ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე მათი ფინანსური საქმიანობის შემოწმება-ანალიზს ახორციელებენ. შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილება.
საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიას სულ გამართული აქვს 23 სხდომა, რომელზეც კომისიის წევრებმა 50 საკითხი განიხილეს. რიმა ბერაძის თქმით, კომისიის სხდომაზე განხილული შემოწმება-ანალიზის დასკვნები, შემდგომი რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში გაიგზავნა.
„2018 წლის განმავლობაში სარევიზიო კომისიამ წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ორგანიზაცია შეამოწმა, შემოწმება-ანალიზის დასკვნები მოამზადა და რეკომენდაციებიც გასცა. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ სარევიზიო კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს შემოწმებული ორგანიზაციები ითვალისწინებენ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, კომისიის სხდომის გამართვამდეც კი ასწორებენ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს რეგლამენტისა მე-19-ე მუხლის მე-12-ე პუნქტისა და სარევიზიო კომისიის 2014 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები