ხაბურძანია აფხაზეთის შესახებ: გვრჩება ერთადერთი გზა, ამ კონფლიქტში არ ჩავერიოთ

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერიან ხაბურძანია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ხაბურძანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს ერთადერთი გზა აქვს, რომ აფხაზური ოპოზიციის და დე ფაქტო ხელისუფლების კონფლიქტში არ ჩაერიოს.
„აფხაზეთში დღევანდელი სიტუაცია სხვა მოვლენებთან ერთად შიდაკლანური დაპირისპირებაა. მიმდინარეობს ორ კლანსა და ლობს (რუსეთში) შორის ბრძოლა. უბედურება ისაა ჩვენთვის – საქართველოსთვის, რომ ეს არანაირად არ გააჩენს პროქართულ ჯგუფს და ვერც ჩვენ “გამოვჩეკავთ” აფხაზ სანაკოევს. ჯერ ასე ჩანს, მერე ვნახოთ ამერიკელები რა დირექტივას მოგვცემენ. რაც შეეხება დამოუკიდებლობის აღიარებას დათქმით, ამერიკელებმა საერთაშორისო სამართალი თუ არ მოკლეს, სრული უმოქმედობის რეჟიმში გადაიყვანეს, შექმნეს მავნე პრეცედენტები, რუსებმა ეს მსოფლიოსთვის დამღუპველი გადაცდომები სათავისოდ გამოიყენეს.
შექმნილ საერთაშორისო სამართლებრივ სიტუაციაში დათქმები უკვე “მოსულა” , მაგრამ აფხაზეთთან მიმართებაში ეს დღევანდელ პირობებში დაუშვებელია, რადგან ამის ერთადერთი მიზანი და შესაძლო შედეგი საქართველოს მხრიდან ისევ რუსეთის გაღიზიანება და მისი შავი პიარია.
ამდენად გვრჩება ერთადერთი გზა, ამ კონფლიქტში არ ჩავერიოთ და უარი ყოველგვარ აღიარებას, ამას რუსეთიც და, ეჭვი არ შეგეპაროთ, დასავლეთი სათავისოდ გამოიყენებს. პრობლემებისგან თავისუფალი საქართველო უფრო გემრიელი ლუკმაა ყველასათვის. რომ წარმოგვიჩენენ, ისინი სიკეთეს კი არა, სიავესაც აზრიანად ვერ დაგისახელებენ“, – წერს უშიშროების ყოფილი მინისტრი.
ხაბურძანია ასევე მეუფე გრიგოლს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მისგან საპატრიარქოების და სამეფო-სამთავროების გაუქმებაზე მენტორული ტონი გაჰკვირვებია.
„როცა მეუფე გრიგოლის ქადაგების ამ ამონარიდის სათაური წავიკითხე, ჩემს ინტერვიუებზე და გამონათქვამებზე სათაურების შემრჩევის (არის ასეთი სპეციალიზაცია თურმე თითქმის ყველა გაზეთში) გადამკიდე, არც ვაპირებდი შინაარსის წაკითხვას, მაგრამ რატომღაც უკან მოვბრუნდი და წავიკითხე. მეუფე გრიგოლ, თქვენგან გამკვირვებია (პირადად ვიცნობ და გავკადნიერდები ასეთი მიმართვით) სწორედ, რომ როგორც მეუფისაგან, თქვენ ხომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელის ქადაგებათა სულ მცირე მოსმენა-წაკითხვის ვალდებულება გაქვთ, არც ისტორიკოსთა (თუ დარჩნენ) ჩამოსახულებები უნდა გჭირდებოდეთ, დღეს მათთან ეკლესიათა შეთეთრებასა და საპატრიარქოების და სამეფო-სამთავროების (მრავლობითი რიცხვი არ შემშლია) გაუქმებაზე მენტორული ტონით საუბრის გარდა ვერაფერს ნახავთ. კიდევ გავიმეორებ, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ამ მიზეზითაც თქვენგან გამკვირვებია. ამ თემაზე წმინდა სინოდშიც საუბრობენ, პატრიარქიც ქადაგებს და სიავეს თუ უნდა ვხედავდეთ, სიკეთესაც დაინახავთ“, – აღნიშნავს ვალერიან ხაბურძანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები