პროკურატურაში ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

წამებასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, ყირგიზეთის წარმომადგენლები საქართველოში არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების გამოძიების, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სამართალდამცავ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის პრაქტიკით დაინტერესდნენ.
დელეგაციას ყირგიზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული ცენტრის ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვის უფლებათა დაცვის ლიგის“ დირექტორის, ომბუდსმენის ინსტიტუტის ბავშვთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორისა და ყირგიზეთის ოფისის დირექტორის მოადგილის და პროექტის კოორდინატორის შემადგენლობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი და შესაბამისი მიმართულებების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები შეხვდნენ. მათ დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის სისტემისა და ფუნქციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.
გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები