80 წლის ოლგას და 86 წლის სვეტლანას საზოგადოების დახმარება სჭირდებათ – დებს უკიდურესად უჭირთ

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს. ბევრი მათგანი საწოლსაა მიჯაჭვული და მწარედ განიცდის უმძიმეს მდგომარეობას.
ოლგა 80 წლისაა, იგი საკუთარ დას – 86 წლის სვეტლანას უვლის, რომელსაც გადატანილი ინსულტის შემდეგ, გადაადგილება არ შეუძლია. მან დაკარგა მეხსიერება, ვერ ლაპარაკობს და სხვაზეა დამოკიდებული.
“ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, ოლგა ჯერ–ჯერობით უმკლავდება სიძნელეებს, თუმცა ბოლო დროს მისი ჯანმრთელობაც საგრძნობლად შეირყა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, იგი მთელი გულით უვლის დას – უმზადებს საჭმელს, ასმევს წამლებს, უცვლის თეთრეულს, ურეცხავს ტანსაცმელს და ალაგებს ოთახს.
ოლგას გადაადგილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, სტკივა ზურგი და სახსრები, აწუხებს მაღალი წნევა. ამას წინათ, იგი კორიდორში წაიქცა და თეძო დაიზიანა. ახლა წელში ვერ იმართება და მოხრილი დადის.
ჩვენ გავესაუბრეთ ოლგას და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები:
–ნათესავები არ გეხმარებათ?
-ოჯახში სულ ხუთნი ვიყავით. ჩემი ძმა და ორი და გარდაცვლილნი არიან. ძმისშვილი გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო დისშვილი – რუსეთში. თბილისში გვყავს ნათესავები, მაგრამ მატერიალურად უჭირთ და არ მინდა მათი შეწუხება. ისე, გვაკითხავენ და ყურადღებას გვაქცევენ. მე და სვეტლანას არასდროს გვყოლია საკუთარი ოჯახი.
–პროფესიით ვინ ბრძანდებით?
-მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და 50 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ინჟინერ–კონსტრუქტორად „შრომის დაცვის“ კვლევით ინსტიტუტში. საინტერესო ცხოვრება განვლე, გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე კარიერაში, კარგად ვიცი რამდენიმე ენა, თუმცა პირველად ქართულად დავიწყე წერა.
-ეს ბინა, სადაც ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?
-ამ სახლს დიდი
ისტორია აქვს. იგი 1889 წელს ააშენა ჩემმა ბებიამ, რომელიც იყო მწერალ ოვანეს თუმანიანის ღვიძლი და. გასაბჭოების შემდეგ, ჩვენს ოჯახს მხოლოდ რამდენიმე ოთახი დაუტოვეს. საბოლოოდ, ეს ორი პატარა ოთახიღა შემოგვრჩა. სახლი ცუდ მდგომარეობაშია, სასწრაფო რემონტია საჭირო, მაგრამ სად არის ამის საშუალება…
-მარტო როგორ უმკლავდებით მძიმე ავადმყოფის მოვლას?
-რა ვქნა აბა? ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, შეძლებისდაგვარად. ვერ მივატოვებ ჩემს დას, იგი უჩემოდ ვერ გაძლებს.
-როგორია თქვენი შემოსავალი?
-პენსია და სოციალური შემწეობა. ფული ძირითადად წამლებზე გვეხარჯება, პამპერსების საყიდელი თანხა კი არ მრჩება.
-ვინ გეხმარებათ?
-ჩერნოვეცკის ფონდი გვეხმარება. მოდიან ექიმი და ექთანი, გვივლიან, სამედიცინო პროცედურებს ატარებენ, სახლსაც გვილაგებენ. უღრმესი მადლობა ამისთვის. მეზობელი მეუბნება – დარეკე მერიაში და სთხოვე რემონტის გაკეთებაში დაგეხმარონო, მაგრამ ისე ცუდად ვარ, რომ ესეც არ შემიძლია. უზომოდ მადლიერი ვიქნები, თუკი ვინმე დახმარების ხელს გამომიწოდებს! მე მჯერა, რომ ჩვენ ირგვლივ კეთილი ადამიანები მრავლად არიან.
მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონებს! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მათ თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროებათ.
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოლგა და სვეტლანა ავეტისოვები). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/440-avetisov/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები