კახა კალაძე: ჩემთვის საინტერესოა ის პროექტები, რასაც თბილისელებისთვის ვაკეთებთ

„ჩემთვის საინტერესოა ხალხი, საზოგადოება და ის პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თბილისისა და თბილისელებისთვის”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა მისთვის უინტერესოა. „ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის ახალგაზრდებისა და, ზოგადად, საზოგადოების სურვილი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ. ჩემთვის არ არის საინტერესო ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა. ჩემთვის საინტერესოა ხალხი, საზოგადოება და ის პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თბილისისა და თბილისელებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერია ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე – უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორსა ან ავტორთა ჯგუფს; ფიზიკური, ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. ჰიპოპოტამის ქანდაკების ღირებულება 90 000 ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები