მარიამ ჯაში აბიტურიენტებს ამშვიდებს – ტექნიკური პრობლემა იყო
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ კანონს ლეგიტიმაცია მაღალი ჰქონდა, თუმცა, ტექნიკური პრობლემა შეიქმნა.
მან აბიტურიენტებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან ამით გუნდის გადაწყვეტილება არ იცვლება.
„ჩემმა რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ დარბაზში არსებობს ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებით. ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად, აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო. ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.
ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა, რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა.
მინდა, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია. აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”, – განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.