„პრეზიდენტს არ შეუძლია პრემიერს შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება გადასცეს“
პრემიერ-მინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურული თვალსაზრისით – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თადუმაძემ განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება, მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მით უმეტეს, აღნიშნული უფლებამოსილება, თუნდაც ერთჯერადად გადასცეს სხვა თანამდებობის პირს.
„2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას აკისრია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს ნიშნავს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის ჩანაცვლებას საპარლამენტო მმართველობის სისტემით, სადაც პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ეს უფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადადის. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისათვის და საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების დასადებად ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტმა არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მით უმეტეს, აღნიშნული უფლებამოსილება, თუნდაც ერთჯერადად გადასცეს სხვა თანამდებობის პირს. საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, რომ აღნიშნული სახის ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
შესაბამისად, ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასევე, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას. მთავრობამ 22 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამასთან, კონტრასიგნაციის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინადან საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია როგორც სამართლებრივი, ისე პროცედურული თვალსაზრისით. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება დამატებითი უფლებამოსილების გარეშე“,- განაცხადა თადუმაძემ.