ბაია პატარაია: ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეში დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაც იკვეთება

“დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაშორების შემდეგ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის მეურვეობა, ბავშვის მოქალაქეობა”, – ამის შესახებ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საფარი“ანა ბაგრატიონის ინტერესებს იცავს. როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, ანა ბაგრატიონი ყოფილი მეუღლის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ძალადობას წლების განმავლობაში განიცდიდა.
„ანა ბაგრატიონი სამი დღეა, იკითხება პოლიციაში. აქ ერთ კონკრეტულ ფაქტზე არ არის საუბარი.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში განიცდიდა ანა ბაგრატიონი სხვადასხვა ტიპის ძალადობას მეუღლის მხრიდან, ეს იყო როგორც სიტყვიერი, ისე – ფიზიკური. ასევე, იყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ა.შ. ეს დანაშაულები ხშირად ხდებოდა არასრულწლოვნების თანდასწრებით. იკვეთება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაც. შესაბამისად, საქმე საკმაოდ რთულია. ეს არ არის მხოლოდ უბრალო, ერთი ინციდენტი ოჯახში ძალადობის საქმისა. შსს სწავლობს ამ საქმეს. ჩვენ გვაქვს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ ანა ბაგრატიონი ამბობს სიმართლეს და მას შეუძლია ამ სიმართლის დამტკიცება. რაც შეეხება „საფარს“ – მოგეხსენებათ, ჩვენ ასობით ქალს ვიცავთ ყოველწლიურად. ზოგიერთი საქმე აქედან ხდება გახმაურებული იმის მიხედვით, თუ რა ტიპის დანაშაულია ჩადენილი, როგორ იქცეოდნენ საგამოძიებო ორგანოები. ეს საქმე არ არის უბრალო საქმე არა იმიტომ, თუ ვინ არის მასში მონაწილე, არამედ იმიტომ, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა და რამდენ ხანს გრძელდებოდა ამ ტიპის დანაშაული.
დაშორების შემდეგ გარკვეულ მუქარებსა და შანტაჟს ადგილი ჰქონდა. ეს იყო ძალიან სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბავშვის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. არსებობდა ბევრი სხვა გარემოება, რის გამოც ანა ბაგრატინი თავს იკავებდა ამ საკითხზე საჯაროდ საუბრისგან. თუმცა, მიხარია, რომ დღეს ის ღიად საუბრობს პოლიციასთან ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც მას ყოფილი მეუღლე უქმნიდა. ყველა ქალმა უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები. მსხვერპლი არ უნდა გაჩუმდეს“, – განაცხადა პატარაიამ.
პატარაიას თქმით, შესაძლოა, ანა ბაგრატიონს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმისთვის, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვის არსებობა დადგინდეს.
„ხანდაზმულობის ვადა იქნებოდა გასული გამოძიება რომ მიმდინარეობდეს მხოლოდ 126-ე პრიმა მუხლით, რაც არის ყველაზე მსუბუქი ფორმა ოჯახში ძალადობისა. როგორც უკვე მოგახსენეთ, აქ სხვა ტიპის დანაშაულები იკვეთება და არა მხოლოდ 126-ე პრიმა მუხლი. არასრულწლოვნები დაკითხულები არ არიან. არის მთელი რიგი ინციდენტები და ფაქტები, რასაც არასრულწლოვნები ესწრებოდნენ. აქ მხოლოდ გიორგიზე არ არის საუბარი, სხვა არასრულწლოვნებზეც არის საუბარი, კერძოდ ანა ბაგრატიონის შვილებზე. მოხდება თუ არა ბავშვების გამოკითხვა, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება გადაწყვეტს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღწერილია არაერთი სხეულებრივი დაზიანება. ვაპირებთ, რომ სხვა ექსპერტიზებიც ჩატარდეს, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება. არიან მოწმეებიც. ძალადობის მსხვერპლებთან, ქალებთანაც და კაცებთანაც, ტარდება ხოლმე ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინეს ფსიქოლოგიური ტანჯვის არსებობა. ვფიქრობთ, რომ ეს ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა პატარაიამ.
მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ძალადობის საქმე და აქ არანაირი პოლიტიკური სარჩული იკვეთება.
„ვერ გავიზარებ ბატონი დავითის ადვოკატის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რამენაირად არის სახელმწიფოს მხრიდან დავით ბაგრატიონის დევნა. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ძალადობის საქმე და აქ არანაირი პოლიტიკური სარჩული იკვეთება.
შესაძლებელია, სასამართლო ჩატარდეს მიუხედავად იმისა, დავით ბაგრატიონი გამოცხადდება თუ არა სასამართლო პროცესებზე. რა თქმა უნდა, ის ვალდებულია, გამოცხადდეს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. იმ შემთხვევაში, თუ ის არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან , ეს ხელს არ შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პატარაიამ.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები