„საპენსიო სააგენტოს“ გარე აუდიტს აუდიტორული ფირმა – „ერნსტ ენდ იანგი“ გაახორციელებს
„საპენსიო სააგენტოს“ გარე აუდიტს აუდიტორული ფირმა – „ერნსტ ენდ იანგი“ გაახორციელებს, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის დადგენილების შედეგად გახდა ცნობილი. დადგენილების პროექტი პლენარულ სესიაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს ევალება, რომ მიიღოს პროექტი, ვინ უნდა გაახორციელოს საპენსიო სააგენტოს აუდიტი, რომელმა კომპანიამ. აქედან გამომდინარე, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი დადგენილების პროექტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის გასახორციელებლად არჩეულ იქნას აუდიტორული ფირმა „იუაი: ერნსტ ენდ იანგი“, – განაცხადა კოვზანაძემ.
ამასთან, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება 29 500 ლარით განისაზღვრება. საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს საპენსიო სააგენტო აანაზღაურებს. სააგენტოს დადგენილებით, მას აუდიტორულ ფირმა „ერნსტ ენდ იანგთან“ ხელშეკრულების გაფორმება ევალება. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.