ირაკლი ბერაია: თავდაცვის ძალების ინსტუტუციური განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოვისმინეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას თქმით, პარლამენტმა დღეს თავდაცვის მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა.

„ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგეგბო, მივესალმები თავდაცვის მინსიტრს, თავდაცვის ძალების მეთურს, უწყების ხელმძღვანელ პირებს. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავუდასტურო თავდაცვის ძალების თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს.

ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ანგარიში, თუ როგორ ხორციელდება თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ინსტიტუტიციური და ოპერატიული შესაძლებლოების განვითარება. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეფასებას, მათ საპასუხოდ ოპტიმალური ძალთა სტრუქტურის ფორმირების ამოცანებს და მისი ეფექტიანი ფუნციონირების მიზნებს. წარმოდგენილი ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს თავდაცვა, ტოტალური თავდაცვის მიდგომის გათვალისწინებით, ემყარება თავდაცვის ახლებულ ხედვას, რომელიც აყალიბებს ბრძოლისუნარიან, თვითმყოფად და ნატოსთან თავსებად თავდაცვის სისტემას. ჩვენი, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანის ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტებზე განსაზრვრულ შეკავებისა და თავდაცვის განახლებულ პოლიტიკასთან და ისეთ პრიორიტეტებთან.

ჩვენ მივესალმებით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მინისტრის “სტრატეგიული მზადყოფნის” ინიციატივას, რაც გულისხმობს შესაძლებლობების და თავსებადობის იმგვარი ხარისხის მიღწევას, რაც ნატო-ში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, პრაქტიკულად გამორიცხავს თავსებადობის კუთხით რომელიმე შეუსრულებელი ვალდებულების არსებობას და უზრუნველყოფს ალიანსში საქართველოს უმოკლეს ვადებში გაწევრიანებას.

მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვის და თავდაცვის ბიუჯეტის 24 %-ის შეიარაღებისთვის მობილიზებით, პერსონალის ხარჯის 48%-მდე შემცირებით საქართველოში დამკვიდრდა ნატო-ს სტანდარტით გათვალისწინებული თავდაცვის საბიუჯეტო პოლიტიკა. ჩვენი კომიტეტის წევრებს კარგად გვახსოვს, როდესაც მინისტრმა 2017 წელს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა რომ შეიარაღების ნაწილში მისი ამოცანა იყო 20%-იანი ნიშნულის მიღწევა, თუმცა აღნიშნა რომ სასურველი იყო მეტი რამეთუ საქართველოს მემკვიდრეობით ერგო მოძველებული საბჭოთა შეიარაღება. დღეს, თავდაცვის ბიუჯეტში, შეიარაღებისთვის 24 %-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი ბევრად სწრაფი ტემბებით ხორციელდება“,-განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, თავდაცვის კომიტეტი ყურადღებით აკვირდება და მაღალ შეფასებას აძლევს თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას აღჭურვის, წვრთნების და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

„წარმატებით ხორციელდება GDRP, რაც ამაღლებს საბრძოლო მზადყოფნის ხარისხს და ამზადებს სამანევრო ბატალიონებს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის. მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადი ცეცხსასროლი იარაღით და საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვა, შესაბამისი სადაზვერვო და ლოგისტიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა; მიღწეულია დაკომპლექტების მაღალი ხარისხი; ბრიგადების შემადგენლობაში შექმნილია საბრძოლო ჯგუფები და შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონები; განხორციელდა სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაცია არა მხოლოდ სტრუქტურული, არამედ აღჭურვილობის თვალსაზრისითაც; ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს გადმოეცა უახლესი ანტისატანკო შეირაღება, რაც მჭიდრო პარტნიორობასა და სანდოობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. 2018 წლიდან, ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობით საქართველოს საჰაერო სივრცე არის უფრო ეფექტიანად კონტროლირებადი და ქართული ცა უფრო დაცული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საარტილერიო, საავიაციო, სპეციალური ოპერაციების, კიბერ-უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებას, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას. გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩატარებული წვრთნების, მასში მონაწილე მხარეების რაოდენობა და ტექნიკის სახეობები. რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ იზრდება ნატო-ს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და საქართველოს როლი ამ არქიტექტურაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო, სოციალური და სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სწორედ ეს არის ის ნაბიჯები რაც ზრდის ჩვენი თავდაცვის ძალების თვითმყოფადობის, ბრძოლისუნარიანობის, მობილურობის და ლეტალურობის ხარისხს, რაც თავის მხრივ განაპირობებს პოტენციური აგრესიის შეკავების ხარისხის ზრდასაც.

თავდაცვის სფეროში განსაკუთრებით მინდა გამოვყო თანამშრომლობა აშშ-სთან, გავიხსენო თავდაცვის მდივნების მეთისის და შენაჰენის, ამერიკელი გენერლების ადმირალების მინისტრის და მისი გუნდის მისამართით გაკეთებელი მაღალი შეფასებები. თავდაცვის რეფორმების ეფექტიანობის და აღიარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, ბოლო წლების მანძილზე დაფინანსების სტაბილურად მზარდი დინამიკა, რამაც 2012-2018 წლებში 178,8 მლნ აშშ. დოლარი, ხოლო 2018 წელს 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობას, რომელიც არის უპრეცედენტო ნიშნულზე და აღვნიშნო, რომ ამ თანამშრომლობის წარმატების, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები, გაწევრების პრაქტიკული ინსტრუმენტების, განსაკუთრებით არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით იმპლემენტაცია და თავსებადობის კუთხით განცორციელებული სხვა ღონისძიებებია. ამას ადასტურებს ალიანსის გენერალური მდივნის ანგარიში სადაც ვრცლად არის საუბარი არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებაზე“,-განაცხადა ბერაიამ.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, საერთაშორისო ვიზიტებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ყველა ახასიათებს როგორც რეფორმატორ ლიდერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები