დავით ზალკანიანსა და ანჯელო გნედინგერთან სატელეფონო საუბარი შედგა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ელჩ ანჯელო გნედინგერთან სატელეფონო საუბარი შედგა. უწყების ინფორმაციით, საუბრისას, ქართულმა მხარემ გამოხატა შეშფოთება აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან აქტიური ჩართულობის აუცილებლობას, მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის არდაშვების მიზნით.
ანჯელო გნედინგერმა განაცხადა, რომ ინფორმაციას შექმნილი ვითარების შესახებ ასევე, ქართული მხარის პოზიციას დაუყოვნებლივ მიაწვდის ეუთოს თავმჯდომარეობას. დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ანტი ტურუნენს შეხვდა.
ზალკანიანმა მას შეშფოთება გაუზიარა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე საგანგაშო პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ბრიუსელში საქართველოს მისიის მეშვეობით ასევე მიეწოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს.