რატი იონათამიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ გრიგოლ ვაშაძესა და „რუსთავი 2“-ის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამების ანგარიშებს შორის სხვაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ, რატომ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და აუდიტის სამსახურში წარდგენილი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების ანგარიშებს შორის კრიტიკული სხვაობა.
„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გავრცელებული ანალიზიდან შევიტყვეთ, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბმა და „რუსთავი 2“-მა აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ერთმანეთისგან აცდენილი ანგარიშები გააგზავნეს – „რუსთავი 2“ მარეგულირებელ კომისიას აჩვენებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ 244,193 ლარით მეტი გადაუხადა მას, ვიდრე ეს აჩვენა ვაშაძის შტაბმა აუდიტის სამსახურთან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ათობით მაუწყებელი შეისწავლა და მხოლოდ ეს დარღვევა აღმოაჩინა.
„მესმის, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საკომუნიკაციო არხია, არც ის მიკვირს, რომ მეორე ტურში ვაშაძემ მარტო „რუსთავი 2“-თან ითანამშრომლა, მაგრამ როცა შენი კანდიდატის სასარგებლოდ მზად ხარ, შესაძლო კანონდარღვევაზე წახვიდე, ეს კრიტიკულად მიუღებელია. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საზოგადოება ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და ამის ფონზე, როცა, ინფორმაცია იგება არა ფაქტებზე, არამედ სუბიექტურ ინერესებზე, ეს ნიშნავს,რომ პატივს არ სცემ არც ჟურნალისტის პროფესიას, არც საზოგადოებას და მხოლოდ ერთი პირის, ან პარტიის სამსახურში ყოფნა მიგაჩნია ცხოვრებისეულ ამოცანად”, – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები