„ალიანსმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას”

„ალიანსმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. საჭიროა, რომ ნატო-ს ალიანსმა თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში გააფართოვოს საქართველოსა და უკრაინის დახმარება“, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენისას აღნიშნეს, სადაც საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოიხატა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა თემაზე „ნატო-ს 70 წლისთავი: სტრატეგიული პარტნიორობა 21-ე საუკუნეში“ გუშინ გაიმართა. მოსმენაზე მომხსენებლებად მიწვეულნი იყვნენ ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, იან ბრზეჟინსკი და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტი, კერინ დონფრიდი. მოსმენისას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა („რესპუბლიკელი“ – აიდაჰოს შტატი) შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნატო-ს მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ნატო ყველაზე უფრო წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია მსოფლიოში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს იცავს, მათ შორის – დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია და ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ინვესტირებისთვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.
„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მიისწრაფვიან, გაწევრიანდნენ ნატო-ში არა მხოლოდ რუსეთისაგან თავდაცვის, არამედ, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიზნით. რუსეთი ხელახლა გახდა ნატო-ს საფრთხე. თუ კვლავაც არსებობს რაიმე სახის ეჭვი ამის თაობაზე, შეგიძლიათ, გაესაუბროთ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას დღეს რუსეთიდან მომდინარე საშიშროების გასაცნობიერებლად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა. იან ბრზეჟინსკის თქმით, ნატო-ს ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა დღევანდელი მზარდი სახის კომპლექსურ და დინამიკურ უსაფრთხოების გარემოში. „ამ კომიტეტმა, არაერთხელ, დოკუმენტირებულად გვაჩვენა რუსეთის რევანშისტული ამბიციებითა და ჩინეთის მზარდი აგრესიულობით ნასაზრდოები ზესახელმწიფოთა შორის კონკურენციის დაბრუნება. მოსკოვის უკრაინასა და საქართველოში შეჭრა, მისი სამხედრო პროვოკაციები, მკვლელობები, უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა წარმოადგენს მაგალითების მხოლოდ ერთ ნაწილს, თუ როგორი საფრთხის წინაშე იმყოფება საერთაშორისო სამართალზე დამყარებული წესრიგი, რომელიც გლობალური მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ავანგარდში იდგა“, – აღნიშნა იან ბრზეჟინსკიმ. ბრზეჟინსკიმ ნატო-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაასახელა. „ალიანსმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. ნატო-ს გაფართოება ცივი ომის შემდგომი პერიოდის ევროპის ყველაზე უფრო დიდი წარმატებაა. ცენტრალური ევროპის დემოკრატიების ნატო-ში გაწევრიანებამ გააძლიერა ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება და ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები. ალიანსის უახლესი წევრები ევროპის ყველაზე უფრო მტკიცე ტრანსატლანტისტები არიან და აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციებში, მათ შორის, ევროპის მიღმა, მონაწილეობის ყველაზე უფრო მეტი სურვილი აქვთ. ნატო-ში მონტენეგროს ბოლოდროინდელი გაწევრიანება და ამ გზაზე მყოფი მაკედონიის ორგანიზაციაში მოსალოდნელი ინტეგრირება ერთიანი ევროპის ხედვის გახორციელებისაკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს. ამასთან, ალიანსმა უნდა განსაზღვროს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზა იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას დასჭირდება დრო შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ბრზეჟინსკიმ. ბრზეჟისკიმ, ასევე, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი სიტყვებით, „საჭიროა ამ ორი ქვეყნის ინტეგრირება აშშ-ისა და ნატო-ს მიერ შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების პროცესში მყოფი საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალების ინიციატივებში. მათი ტერიტორიები სასარგებლოა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, დაზვერვითი და სხვა ოპერაციებისთვის, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ძალისხმევებს, აღვკვეთოთ რუსეთის ამ ზღვაში შეღწევადობა და დავაბალანსოთ ყირიმის ოკუპაცია. საჭიროა, რომ ნატო-ს ალიანსმა თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში გააფართოვოს საქართველოსა და უკრაინის დახმარება; ისინი ჩართოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში, ასევე – საზღვაო, სარაკეტო და სხვა შესაძლებლობებში, რათა გააძლიეროს მათი თავდაცვისუნარიანობა“. ბრზეჟინსკის განმარტებით, „უკრაინასა და საქართველოში მოსკოვის შეჭრის მკაფიო გაკვეთილია, რომ ალიანსთან ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების ბუნდოვანებამ მხოლოდ გაზარდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მადა და განაახლა მისი ოპორტუნისტული მისწრაფება, რომ ხელახლა დაამყაროს მოსკოვის ჰეგემონია ტერიტორიებზე, რომლებიც ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში დე-ფაქტო და მადესტაბილიზებელი ნაცრისფერი ზონა გახდა“. მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორ ბობ მენენდესის („დემოკრატი“ – ნიუ იორკი) მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, ბრზეჟინსკის განცხადებით – „რუსეთის რევანშიზმისა და აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის მიდგომა ფუნდამენტური სახის შეცდომაა. 15 წელი გავიდა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან. ჩვენი სტრატეგია საპასუხო ქმედებების ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის (ინკრიმენტალიზმის) სტრატეგიაა. რუსეთი არღვევს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერების სუვერენიტეტს, იტაცებს ტერიტორიებს და ჩვენი პასუხი სამშვიდობო შეთანხმებაა“. ​​ ​ბრზეჟინსკის განმარტებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ საჭიროა, დასავლეთმა ჩრდილო-ცენტრალურ ევროპაში გააძლიეროს სამხედრო ყოფნა; გაზარდოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკური დასუსტების მიზნით მიმართული უნდა იყოს რუსეთის საბანკო სისტემაზე. ამას გარდა, საჭიროა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ გაახორციელოს ხელის შეშლის სტრატეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები