ნატო ჩხეიძე: საქართველომ “დამოუკიდებლობის დღე” 9 აპრილს უნდა იზეიმოს და არა – 26 მაისს
„საქართველომ “დამოუკიდებლობის დღე” 9 აპრილს უნდა იზეიმოს და არა – 26 მაისს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ოცნების“ მთავრობამ და პარტიამ საზეიმოდ აღიარეს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე. აღინიშნა მისი ღვაწლი არა მარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, არამედ – სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც ამ თარიღით – 9 აპრილით არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველსავე მუხლში. შესაბამისად, ალბათ, მოვიდა დრო, როცა უნდა შეიცვალოს “დამოუკიდებლობის დღის” აღნიშვნის თარიღი. ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა – 26 მაისს, როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რაც სამ წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთავობით“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ. მისივე განმარტებით, საქართველო 70 წელს საბჭოეთის კოლონია იყო და, მხოლოდ 1991 წელს, ხელახლა მოიპოვა თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი ღვაწლით. „დიახ, კოლეგებო, გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია-შევარდნაძის 26 მაისი უნდა იყოს საქართველოში დამოუკიდებლობის საზეიმო დღე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.