კახა კოჟორიძე: კობახიძის კანონპროექტი კლანს კეთილსინდისიერი კანდიდატების დაბლოკვის შესაძლებლობას აძლევს

“კანონპროექტი კლანს კეთილსინდისიერი კანდიდატების დაბლოკვის შესაძლებლობას აძლევს”, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კოჟორიძემ განაცხადა, რომ ე.წ. კლანის ნების გარეშე არცერთ კანდიდატს აქვს შანსი, რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდეს.
“ვიბრძოლებთ, რომ მივაღწიოთ მიზანს. ჩვენი მიზანია, რომ, როგორღაც, შევძლოთ და სასამართლოში მოხვდნენ კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კანდიდატები, როგორღაც შევძლოთ და არ მივცეთ კლანს საშუალება, დაბლოკოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კანდიდატები. რაც აქამდე კეთდება, მათ შორის – ამ კანონპროექტის სახით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება – კანონპროექტი აძლევს კლანს კეთილსინდისიერი კანდიდატების დაბლოკვის შესაძლებლობას.  საქართველოში ნამდვილად არსებობენ ძალიან კარგი კანდიდატები, რომლებიც მართლაც იმსახურებენ უზენაეს სასამრთლოში მოსამართლეობას, მაგრამ კლანის ნების გარეშე არცერთ კანდიდატს აქვს შანსი, რომ მოხვდეს უზენაეს სასამართლოში. რატომ? იმიტომ, რომ ამ კანონპროექტით კლანს საბჭოს უმეტესი წევრის სახით ეძლევა შეფასების შინაარსში შესვლის შესაძლებლობა. მაგალითად, ასეთი ტერმინი: გამოჩენილი იურისტი, ფასდება კლანის წევრების მიერ, ვინ არის გამოჩენილი იურისტი. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – მაგალითად, ნაზი ჯანეზაშვილი ჩემთვის არის გამოჩენილი იურისტი, მაგრამ კლანის წევრები ადამიანად არ მიიჩნევენ მას, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ, ძალიან ხშირად, მას იხსენიებენ, როგორც არსებად. ამ ვითარებაში არანაირი მოლოდინია, რომ პატივცემული სერგო მეთოფიშვილი ადეკვატურად, სწორად და სამართლიანად შეაფასებს თითოეულ კანდიდატს, არ არსებობს. ისინი მოიქცევიან ისე, როგორც აქამდე, წლების განმავლობაში იქცეოდნენ ერთადერთი გამონაკლისით – ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს ლამაზი შეფუთვა მისცეს იმას, რასაც აქამდე ვერ ფუთავდნენ. ჩვენ დავინახეთ, დეკემბერში რა ფორმით წარმოადგინეს უზენაეს სასამართლოში სამუდამოდ დასანიშნი კანდიდატების სია, ფურცლის ერთ ნაგლეჯზე ჩამოწერილი 10 სახელი და გვარი.
როცა სამუშაო ჯგუფს ქმნი და იქ მოიწვევ იმ ადამიანებს, რომლებსაც, წლების განმავლობაში, სასამრთლო სისტემასთან მიმართებით უაღრესად ცუდი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა, რომლებზეც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, ესენი მასობრივი უსამართლობის ჩამდენები იყვნენო, ანუ მასობრივი უსამართლობის ჩამდენებს შევადგენინეთ კანონპროექტი და ახლა იმის ილუზია უნდა გვქონდეს, თურმე, რომ ესენი მასობრივ სამართლიანობას ჩაიდენენ. ქართული საზოგადოება არ არის ასეთი მიამიტი. ჩვენ, ცხადია, გავგრძლებთ ბრძოლას. ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები დგას ჩვენ წინაშე“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს იურისტებმა: ანა ნაცლიშვილმა, კახა კოჟორიძემ და მაია ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები