თამარ ქალდანი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანონის ამოქმედებისთვის უწყება შესაბამისად მობილიზდეს.
„აღნიშნულის შესახებ კანონი პირველ ივლისს უნდა ამოქმედდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ამ კანონის ამოქმედებისთვის მზად ვიყოთ. მთავრობასთანაც დამატებითი კომუნიკაცია გვაქვს და ახლა დამატებით ფინანსურ რესურსსა და გარკვეულ შეთანხმებებს ველით, მათ შორის – საშტატო რიცხოვნობაზე, რომ ინფრასტრუქტურის მომზადება, ასევე, ახალი საგამოძიებო ფუნქციების გასახორციელებლად დამატებით თანამშრომლების აყვანა დავიწყოთ, რათა სათანადო რაოდენობის გამომძიებლები გვყავდეს, რომლებიც შეძლებენ, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ფაქტებსა და დანაშაულებზე, რომლის გამოძიებაც ახალი სამსახურის კომპეტენცია იქნება. ​ახლა არის პირველი ტრანში. ჯამურად საუბარი ცოტა რთულია, რადგან რაღაც საკითხები დასაზუსტებელია, მათ შორის – ტენდერის ფარგლებში რა და როგორ დაიზოგება, პროცედურები როგორ წარიმართება. ვიხელმძღვანელებ პარლამენტის განმარტებითი ბარათით, რომლითაც კანონის ამოქმედება ექვსი თვით გადავადდა. მაქსიმუმ, 8.5 მლნ ლარზეა საუბარი“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით კანონი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, პარლამენტმა ამოქმედება ექვსი თვით გადაავადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები