სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. დღეიდან, ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც სოცმუშაკებმა აღნიშნეს, მათ პროფესიული კავშირის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მათივე ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: სოციალური მუშაკის სამუშაო განტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან, ასევე, სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და, მაისის ბოლომდე, კიდევ 18 მანქანის დამატება იგეგმება. როგორც სოციალურმა მუშაკმა, ზოია შეცოვცევამ განაცხადა, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, გაფიცვა შეეწყვიტათ. ამასთან, მათივე თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. „ვიმედოვნებთ, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს. ყველა ადამიანი, ვინც იცნობს სოციალური მუშაობისა და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იზიარებს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალური მუშაკის მოვალეობებს ვერ შეასრულებენ. გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე“, – ზოია შეცოვცევა. შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ.