ახალი ქარხნის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი დაესწრო

რუსთავში, „ჰაიდელბერგცემენტის“ ახალი მოდერნიზირებული ქარხანა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ჰაიდელბერგცემენტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა გახსნეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქარხანაში ამუშავდა ბოლო თაობის სეპარატორი, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ცემენტის ხარისხის გაუმჯობესებასა და ასორტიმენტის ზრდას. ქარხნის სეპარატორის ინსტალაციისთვის კომპანიამ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა.
„ქარხანაში ახლად დაინსტალირებული სეპარატორი იძლევა საშუალებას, რომ მივიღოთ ისეთი ფრაქციის ცემენტი, რომლის ანალოგიც საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს. ეს არის ნამდვილი გერმანული ხარისხი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებული მდგრადობის მოთხოვნის მქონე ინფრასტრუქტურულ ნაგებობებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნედლეულის მოპოვებიდან სეპარაციამდე წარმოების მთლიან ჯაჭვს ახორციელებს საქართველოში და ამ სისტემაში ათას ორასი ადამიანი მუშაობს. საერთო ჯამში, მიმდებარე საწარმოების ჩათვლით, „ჰაიდელბერგცემენტს“ 5000 ადამიანი ყავს დასაქმებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე სეპარატორის გახსნა იგეგმება ქალაქ ფოთშიც და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებში მთლიანად ჯდება ასეთი ხარისხის ცემენტის სრული წარმოება საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ჰაიდელბერგცემენტის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის, ირაკლი მახარობლიძის თქმით, კომპანია საქართველოში ფლობს რამდენიმე ქარხანას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში შეუძლიათ ნებისმიერი ხარისხის ცემენტის მიწოდება.
„ჩვენი კომპანია ფეხს უწყობს მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებს წარმოებაში და ნებისმიერი დაკვეთისა თუ მოთხოვნისთვის მზად არის. ცხადია, კომპანიის საინვესტიციო გეგმები ამით არ სრულდება – ივნისის თვეში, ბერლინში, „ჰაიდელბერგცემენტის“ მმართველი საბჭო, გერმანიის მთავრობასთან ერთად დაანონსებს მომავალ სტრატეგიას საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე“, – აღნიშნა ირაკლი მახარობლიძემ.
რუსთავში ქარხნის გახსნის ღონისძიების შემდეგ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ჰაიდელბერგცემენტის ხარისხის მეორე კონფერენცია“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ინფასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, წამყვანი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექპერტები და ხარისხის მართვის მენეჯერები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ის ტექნოლოგიები, რომლითაც კომპანია მაღალი ხარისხის ბეტონისა და ცემენტის წარმოებას ახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „ჰაიდელბერგცემენტი“ წლების მანძილზე სტაბილურად საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და გამოირჩევა სწორედ მაღალი ხარისხის პროდუქციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები