აკაკი ზოიძე: რაც უნდა კარგი კანონი მივიღოთ, მას არანაირი ფასი ექნება, თუ მისი აღსრულება სამშენებლო კომპანიების მიერ არ მოხდა

„პასუხისმგებლობა თავად ამ კომპანიებზეა. სამშენებლო კომპანია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაოების შემსრულებელი, ასეთ ორგანიზაციებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არშესრულება, ვიდრე – მათი შესრულება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძე აღნიშნავს, პარლამენტმა რაც უნდა კარგი კანონი მიიღოს, არანაირი ფასი ექნება, თუ მისი აღსრულება ადამიანებისა და კომპანიების მიერ არ მოხდა.
ზოიძემ ვაკეში მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. „ადამიანების ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოვხატავ. სამწუხაროდ, უბედური შემთხვევები ხდება. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისი ბრალეულობა იყო – კონკრეტულად დამსაქმებლის, თუ კომპანიის, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა; ვინ იყო პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. საიდუმლო არ არის, რომ, თავის დროზე, წინა ხელისუფლების დროს, შრომის კოდექსი საერთოდ ნიველირებული იყო. ასევე, იგნორირებული იყო დასაქმებულების შრომის უფლებები. ამ სისტემის აღმშენებლობა ნულიდან დავიწყეთ და საკმაოდ მოკლე დროში მაღალი დონის კანონმდებლობა ფორსირებულად მივიღეთ. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა თავად ამ კომპანიებზეა, სამშენებლო კომპანია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაოების შემსრულებელი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმები არ სრულდება, აუცილებელია უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ ასეთ ორგანიზაციებს გაცილებით ძვირი დაუჯდეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არშესრულება, ვიდრე – მათი შესრულება. რაც უნდა კარგი კანონი მივიღოთ, მას არანაირი ფასი ექნება, თუ მისი აღსრულება ადამიანებისა და კომპანიების მიერ არ მოხდა. პრევენცია არის ის, რომ მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯონ კანონის დამრღვევები, თუ ბრალეულობა დადასტურდა“, – განაცხადა ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ, მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები