პრეზიდენტის ბრძანებულებაზე მთავრობის გადაწყვეტილება ათ დღეში უნდა გახდეს ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციაზე მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს ათ დღეში უნდა გახდეს. გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემას ითვალისწინებს, მთავრობას შესათანხმებლად გუშინ გადაეგზავნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ათი დღის ვადაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად უნდა გაიტანოს. თუ მთავრობა პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს მოიწონებს, პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში კი, თუკი მთავრობა პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს არ მოიწონებს, რომელიც პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ათი დღის ვადაში გადასცემს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად.
პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო ათი დღის ვადაში, მთავრობის შენიშვნების შესაბამისად, ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც იგივე პროცედურა მეორდება. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი, მისი განმეორებით უარყოფიდან ექვსი თვის ვადაში. ამასთან, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, შეუძლია, მოითხოვოს სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია. პრეზიდენტმა საკუთარი ბრძანებულებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება, ერთჯერადად, პრემიერ-მინისტრს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები