იოსებ არჩვაძე: საქართველოში, საშუალოდ, ყოველ 9-10 წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება
„2019 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ, წინა წლის თებერვალთან შედარებით, შეადგინა 4.6 პროცენტი. აღნიშნული ზრდა საგრძნობლად აღემატება (1.3-ჯერ და მეტად) იანვრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, რის გამოც წლის დასაწყისიდან საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულების არანაკლებ 56 პროცენტი თებერვალზე მოვიდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, იოსებ არჩვაძემ 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მოლოდინს რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაც აძლიერებს, რომელიც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 9.8 პროცენტით აღემატება. “იმავე კონტექსტში შეიძლება, დავასახელოთ ახალ საწარმოთა რეგისტრაციაც, რომელთა რაოდენობამ, მხოლოდ თებერვალში, 4357 ერთეული შეადგინა – იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12.8 პროცენტით მეტი. ფაქტობრივად, საქართველოში, საშუალოდ, ყოველ 9-10 წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ასევე, გაგრძელდა ექსპორტის იმპორტთან შედარებით ზრდის პოზიტიური ტენდენცია და, პირველი ორი თვის მიხედვით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 40%-იან ზღვარს გადააჭარბა (40.9%). „ასეთი მაღალი წლიური მაჩვენებელი საქართველოს, უკანასკნელად, 2003 წელს ჰქონდა. ეს შედეგი, ტურისტული მომსახურების ექსპორტის დინამიკურ ზრდასთან ერთად, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მთლიანობაში, აღნიშნული შედეგები, უკვე გატარებული რეფორმები და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული მთელი რიგი ინიციატივები და ღონისძიებები უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, მდგრადობას საგარეო შოკებისადმი და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, იოსებ არჩვაძემ.