„მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ სიმართლე, არცერთი სიტყვა არ არის გამოგონილი“, – 9 აპრილის 30-ე წლისთავზე „თაბაშირის იუდას“ თბილისური პრემიერა გაიმართება
8 აპრილს, რუსთაველის თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მედია ოპერის „თაბაშირის იუდას“ თბილისური პრემიერა გაიმართება. ხელოვანთა კავშირი ZMG-ART და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი სპექტაკლს 9 აპრილის 30 წლისთავის პატივსაცემად წარმოადგენს.
მუსიკის ავტორია – ზაზა მარჯანიშვილი, პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – მარინა სალუქვაძე; ვიზუალური ეფექტები – მარიამ ლომიძე, მარინა სალუქვაძე, მალხაზ ბარბაქაძე; მთავარ როლებში – სოფო ხალვაში, მამუკა მანჯგალაძე; პროდიუსერი – თამარ გვასალია.
„კვირამ“ პიესის ავტორსა და დამდგმელ რეჟისორს, ქალბატონ მარინა სალუქვაძეს და რამდენიმე კითხვით მიმართა.
– 9 აპრილის 30-ე წლისთავზე მედია ოპერას დგამთ – „თაბაშირის იუდა“, პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ხართ. ტერმინი „მედია ოპერა“ რას გულისხმობს, და სპექტაკლის იდეა როგორ დაიბადა?
– ტერმინი „მედია ოპერა“ ნიშნავს აუდიო-ვიზუალური და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასცენო ხელოვნებასთან სინთეზს. ჩვენი სპექტაკლი კი მთლიანად მსგავს ეფექტებზეა აგებული. ეს გახლავთ ექსპერიმენტული დადგმა, რომელსაც, ჩვენთვის გასახარად, ძალიან კარგი კრიტიკა მოჰყვა და სპექტაკლი უკვე მიწვეულია ევროპის ქვეყნების სხვადასხვა სცენაზე.
რაც შეეხება თავად იდეას, გაჩნდა მაშინ, როდესაც მამას – მინდია სალუქვაძის პირად არქივს გავეცანი, სადაც ბაბუას „გულაგიდან“ ოჯახისათვის მოწერილი გაცრეცილი წერილები ინახებოდა. მთლიანად შემძრა ამ წერილებმა! იქვე ვნახე ეგრეთ წოდებული „კაგებეს“ არქივებიდან ამოღებული მასალებიც, რის შემდეგაც ღამეები არ მეძინა.
მამა წლების განმავლობაში, ვინაიდან რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო, საზოგადოება „მემორიალს“ ხემძღვანელობდა და ქონდა წვდომა მსგავს დოკუმენტებზე. თავიდან გავაკეთე დოკუმენტური ჩანახატი, რომლისთვისაც მუსიკა ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რამდენიმე თვეში კი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა შემოგვთავაზა, ეს მბავი სცენაზე გადაგვეტანა.
– სპექტაკლის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება გასული საუკუნის 30-იანი წლების „წითელი ტერორის“ შესახებ. მოთხრობილია მასწავლებლის ამბავი… როგორ მიაგენით ამ რეალურ ამბავს?
– მოთხრობილია ჩემი ოჯახის რეალური ამბავი, თუმცა მსგავსი ოჯახები მრავლად იყო საქართველოში. მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ სიმართლე. არცერთი სიტყვა არ არის გამოგონილი.
– რატომ ჰქვია ოპერას „თაბაშირის იუდა“?
– ამას მაყურებელი მხოლოდ სპექტაკლის ნახვისას გაიგებს, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ თაბაშირის იუდაც არსებობდა.
– სპექტაკლში გამოყენებულია უცნობი საარქივო მასალა…
– ესაა ჯერ კიდევ უცნობი კადრები და დოკუმენტები, რომელსაც მაყურებელი პირველად იხილავს და უმჯობესია სუსტი ნერვების მქონე პირებმა თავი შეიკავონ სპექტაკლზე დასწრებისაგან. მძიმე სანახავია…
– ალბათ იოლი არ იყო ოპერაზე მუშაობა. საერთოდ, ოპერა კოლოსალურ შრომას მოითხოვს. როდის დაიწყეთ მუშაობა?
– მთელ პროექტზე მხოლოდ 2 თვე ვიმუშავეთ. მუსიკასთან ერთად იქმნებოდა ვიზუალური მასალა, ვიდეო-არტი, შემდეგ კი მხოლოდ 10-დღიანი რეპეტიციები. რისკი დიდი იყო, ვინაიდან მსგავს პროექტებზე წელიწადზე მეტს მუშაობენ ხოლმე, თუმცა, მგონი შეუძლებელი შევძელით.
– სპექტაკლს ხელოვანთა კავშირი ZMG-ART-ი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოადგენს…
– ეს გახლავთ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სპექტაკლი, რომლის თბილისური პრემიერის საორგანიზაციო ნაწილს ZMG-ART-ი უზრუნველყოფს.
– რას იტყვით შემოქმედებით ჯგუფზე, რამდენად კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით?
– ვგულისხმობ როგორც მოქმედ გმირებსა და პერსონაჟებს, ასევე მუსიკას, ვიზუალურ მხარეს, მხატვრობას… სპექტაკლში არის უჩვეულო ვიზუალური ეფექტებიც…
ძალიან კმაყოფილი ვარ! შესანიშნავი გუნდი შეიკრა. ჯერ კიდევ ბათუმში გამგზავრებამდე დავიწყეთ აუდიო-ვიზუალური ნაწილის შექმნა. ზაზამ დაწერა სასწაული მუსიკა! ვიდეო-არტსა და ქრონიკაზე ვიმუშავეთ მე, რეჟისორმა მაკა ლომიძემ და გრაფიკოსმა მალხაზ ბარბაქაძემ. კოსტიუმების ესკიზები შექმნა ვერა ყიფიანმა. კოსტიუმების მხატვრის, ვერა ყიფიანის შემდეგ, – საორგანიზაციო სამუშაოები ითავა ძალიან ნიჭიერმა პროდიუსერმა თამარ გვასალიამ.
ბათუმში კი საოცრად მობილიზებული პროფესიონალები დაგვხვდნენ. ძალიან კარგი საოპერო დასი ჰყავს ბათუმს, რომელი ერთი სოლისტი დავასახელო, არც კი ვიცი.
რაც შეეხება მთავარი როლების შემსრულებლებს, ჩემთვის სოფო ხალვაში – ერთადერთი არაკლასიკოსი მომღერალი მთელ დადგმაში, ნამდვილი აღმოჩენა იყო. გამაოცა მისმა სამსახიობო ოსტატობამაც. არაჩვეულებრივი იყო აჩიკო გოგიტიძე, ხათუნა დონდუა, ეთერ ხალვაში, ნათელა კონცელიძე, ედუარდ გორგილაძე, ბაშა ბაშელეიშვილი, მარი ძნელაძე, ანა დავიდენკო, ხათუნა ხაჯიშვილი, ასლან დიასამიძე, ნინელი გოგიტიძე, პატარა ნიკუშა სალუქვაძე – 13 წლის მსახიობი და საერთოდ მთელი დასი. ყველამ, აბსოლუტურად ყველამ დიდებულად გართვა თავიანთ როლებს თავი.
– სპექტაკლი არის მუსიკის, ქორეოგრაფიის, კინოდოკუმენტალისტიკის, დრამატურგიის, სახვითი ხელოვნების, სამსახიობო და ვოკალური ხელოვნების სინთეზი… როგორ ფიქრობთ, თქვენი ჩანაფიქრი დასმა მაქსიმალურად განახორციელა?
– მე კმაყოფილი ვარ, დანარჩენი კი, ალბათ მაყურებელმა უნდა განსაზღვროს, თუმცა ასეთ მოკლე დროში ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ.
– რას იტყოდით მსახიობებზე?
– მინდა გამორჩეულად ვახსენო ერთადერთი დრამატული მსახიობი მამუკა მანჯგალაძე, რომელმაც არა მარტო სიტყვით, არამედ პლასტიკითაც გააოცა მაყურებელი.
– სპექტაკლი 2019 წელს მიწვეულია ევროპაში საგასტროლო ტურზე. კონკრეტულად სად და რამდენხნიანი გასტროლია?
– პირველ რიგში, სპექტაკლი ხსნის უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალს Gogolfest-ს, შემდეგ დაგეგმილია ბელგია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები. ამაზე თეატრის ადმინისტრაცია მუშაობს.
თამარ შაიშმელაშვილი