ადა მარშანია: პოლიტიკაში მოსვლამდე ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო უნდა იყოს
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ადა მარშანიას განცხადებით, ყველა ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში მიდის, უნდა გაიაროს ფსიქოლოგიური შემოწმება. „ყველა იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში მიდის და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვიტა, უნდა გაიაროს აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი. პოლიტიკოსების ხელშია, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბედი. პარლამენტის თავმჯდომარეს მართვის უცნაური მანერა აქვს, მე როგორც ვხედავ. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ბოლომდე არ აქვს გააზრებული იმ თანამდებობის მნიშვნელობა და ქცევის მანერა, რომელიც შეესაბამება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა ადა მარშანიამ. ამ განცხადებით, მარშანია დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მანიაკალური ქცევები აქვს და ფსიქოლოგიური ტესტი უნდა ჩააბაროს.