მამუკა ბახტაძე თეა წულუკიანზე: ჩემი მართვის სტილი არ არის, ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში
“ჩემი მართვის სტილი არ არის ის, რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, ეს არის დეზინფორმაცია”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით თეა წულუკიანის ულტიმატუმს ეხებოდა.
მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში საკითხების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა და ინტენსიური მსჯელობა ყოველდღიური საკითხია.
„ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან კომპლექსურ რეფორმებს და, ბუნებრივია, მსჯელობა ამ საკითხების შესახებ; მათ შორის, მსჯელობა ინტენსიურია, რომელიც გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობასაც, არის ყოველდღიური პროცესი. მე გავაკეთე განმარტება ამის შესახებ. თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ რომელიღაც სამინისტრო რაღაც კანონპროექტს შეიმუშავებს და ის ავტომატური რეჟიმით გამოდის მთავრობის სხდომაზე და განხილვები არ ხდება, ეს არის ილუზია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ნებისმიერი საკითხის დეტალური განხილვა. არსებობს აზრთა სხვადასხვაობები და ჩემი, პრემიერმინისტრის მოვალეობაა, რომ მოხდეს საუკეთესო ვარიანტზე შეჯერება და მე ამას ყოველთვის უზრუნველვყოფ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.