პრემიერი გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვაზე: ჩვენს ხელისუფლებაში პრივილეგირებული პიროვნებები არ არიან
“ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება, მოხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ინფორმაცია საჯაროა. „რაც შეეხება ბინის გაქურდვას – თქვენ განაცხადეთ, რომ, ვითომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა ეს საკითხი, თუ დამალა და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო. თუ იმას მეკითხებით, რატომ, მაინცდამაინც, რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა ბახტაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ფაქტი გახსნა.
დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 16 მარტს, დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.