მამუკა ბახტაძე: მტკიცება იმისა, რომ გამოძიება დუმს, როცა ის ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა
“ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ის მართლა ასეთი ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს. ის რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიებაში მაქსიმალურად ჩართულია. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მყისიერი იყო”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე გამოძიება დუმს.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა კიბერდანაშაულის პრევენცია მოხდეს.
მან, ასევე, განმარტა, რომ საუბარი იმაზე, თითქოს გამოძიება არაფერს აკეთებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, ძალიან მძიმე დანაშაულია. ამის გამართლება არანაირი არგუმენტით შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, უნდა ვიყოთ დაინტერესებული და ვართ დაინტერესებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მსგავსი ტიპის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს ამისთვის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.