ევროპელი კონსერვატორები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ

27-28 მარტს, სტრასბურგში, საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გახორციელებული წარმატებული რეფორმები შეაფასეს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ კიდევ ერთხელ აღნიშნეს.
ევროპელმა კონსერვატორებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მტკიცე მხარდაჭერა. ევროპელი კონსერვატორები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდ პროგრესს მიაღწია და რომელიც გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ ინტეგრაციის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია. საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანა არა მარტო ევროპული კულტურის, ცივილიზაციისა და ისტორიის ნაწილია, არამედ ევროპული პოლიტიკური ოჯახის ნამდვილი კანდიდატია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი რეგიონებია. ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, – განაცხადა პოლონელმა დეპუტატმა, ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენელმა რიჩარდ ჩარნეცკიმ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის წევრმა იან ზაჰრადილმა.
„ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონე ეკონომიკური ურთიერთობებისა. ვაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, ვაფასებთ მის კარგ ეკონომიკურ გარემოს. ევროპული მხარე სრულად არის მზად იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს ეს ურთიერთობები“, – აღნიშნა იან ზაჰრადილმა.
ევროპარლამენტარი, ასევე, ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს: „საქართველოს გეოგრაფიულად დიდი და „ძალიან არამეგობრული მეზობელი ჰყავს“. მისი ტერიტორიები, ამ დრომდე, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით“.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მუშაობას დღეს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები