შიხიაშვილი პროექტ „გეორგიაზე“: თუ ხელისუფლება არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც გვჭირდება, მივიჩნევ, რომ ჩვენი მტერია

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ პროექტ „გეორგიას” დასაწყებად ყველაფერი მზადაა და მხოლოდ ხელისუფლების ნება და ხელშეწყობაა საჭირო. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე გახლდით, სამუშაო ვიზიტით, ისრაელში. ჩემს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიური საუბრები და მუშაობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადავდგათ სამომავლო ნაბიჯები, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ იმ საჭირო და მნიშვნელოვან მიზანს, რომელსაც ჰქვია „გეორგია შენი პროექტიას“ ამოქმედება და ამუშავება. მინდა, იცოდეს საზოგადოებამ, რომ ყველა ის აუცილებელი მოცემულობა, რაც სჭირდება „გეორგიას“ პროექტის ამოქმედებას, ებრაული მხრიდან ყველაფერი მზადყოფნაშია. ეს მოიცავს შემდეგს: ინვესტიცია; თანხა, რომელიც საჭირო იქნება პროექტის გასახორციელებლად, არის; არიან სპეციალისტები, რომლებმაც ეს პროექტი უნდა გაახორციელონ და გააკეთონ. თავიდან ბოლომდე, ეს პროექტი მზადაა ებრაული მხრიდან. ხვალ რომ თქვას ვიღაცამ – კი ბატონო, თანახმა ვართ, დავიწყოთო – ხელისუფლების მხრიდან რაც საჭიროა, ვაკეთებთ. 24 საათში ეს პროექტი დაიწყება. რა გვჭირდება ხელისუფლებისგან: იჯარით გამოყოფილი მიწები, სასწავლო ცენტრისთვის გამოყოფილი შენობა; ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე რომ არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა წყალი, გაზი, დენი, რაც ისედაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. პროექტის დასაწყებად მზად ვართ. ახლა თუ ხელისუფლება არ გადადგამს იმ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ, მივიჩნევ, რომ ეს ხელისუფლება არის ჩემი, ჩემი მოსახლეობის, ჩემი შვილების, ჩემი მომავლის მტერი. ამ პროექტის ამოქმედებით, თითოეული ჩვენგანი კარგად ვიცხოვრებთ. მე მითებს არ ვყვები. ყველას შეუძლია, ინტერნეტით ნახოს ისრაელი, თუ ვერ ახერხებს ჩასვლას – ამდენად რთულ გარემოში მართლაც საოცნებო ქვეყანა აქვთ აშენებული. მე მიმართული მაქვს პრემიერისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც წერილობით, სადაც გამოვხატე, ეს პროექტი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჯერჯერობით, მათგან პასუხი არ მიმიღია. მივიჩნევ, რომ ნაკლები ხმაურია გარეთ, რათა ყურადღების ღირსი გავხდეთ. ამიტომ, შეიძლება, ხვალ 50 000-მა კაცმა ერთად დაიძახოს ამ ქვეყანაში, რომ „გეორგია“ შენი პროექტიც არის, მთავრობავ, და იქნებ მაშინ ამ მთავრობამ გაიღვიძოს“, – განაცხადა შიხიაშვილმა. შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტის შესახებ შიხიაშვილმა რამდენიმე თვის წინ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. „პროექტი „გეორგია“ 2015 წელს დავიწყეთ ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი გულისხმობდა საპილოტე პროგრამას ვეტერანების დასახლებას საზღვრისპირა რეგიონში, კერძოდ, ჯანდარის ტბის სიახლოვეს 550 ოჯახზე ვაკეთებდით ამ პროექტს. ჩავატარეთ ტექნიკურ- ეკონომიკური კვლევა, რომელიც დააფინანსა საპარტნიორო ფონდმა. მინდა მოგახსენოთ, რომ, როდესაც პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, პროექტი ნახტომებით მიდიოდა. ეკონომიკურ საბჭოზე იქნა მოწონებული და მთავრობაზე იქნა დამტკიცებული მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსების საკითხი. ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვემზადებოდით, დაგვეწყო ამ სოფლის მშენებლობა. ღარიბაშვილის იდეა ის იყო, რომ ბიუჯეტით გაგვეკეთებინა ეს თანხა იმიტომ, რომ ბევრ სიკეთეს მიიღებდა სახელმწიფო – ამ პროექტის გახორციელების შემთხვევაში. კერძოდ: დღეს, ქვეყანაში მიდის სიღარიბის წახალისება, მატულობს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა, უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა, ჩნდება კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ეს არ არის სოფლის მეურნეობის პროექტი. სოფლის მეურნეობის პროექტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი იძლევა საშუალებას ახალი, ინოვაციური მიმართულებების დანერგვისთვის, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის და კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის. ამასთან, მოგახსენებთ, რომ საზღვრებზე ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება“, – განაცხადა შიხიაშვილმა. მისი თქმით, ამ პროექტის მიმართ ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს დაინტერესება არ გამოუხატავს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, მთავრობის ხელმძღვანელ კვირიკაშვილსა და მის ვიცეპრემიერ ქუმსიშვილს, ეს ვერ შევასმინე. რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას – დიდი იმედი მაქვს, რომ მამუკა ბახტაძე ამ პროექტს შეხედავს სერიოზულად და დაინახავს იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი მოსახლეობა დავასაქმოთ, დავასახლოთ და მან დაიცვას საკუთარი სამშობლო. მისი გამოსვლებიდან გამომდინარე, გამიჩნდა იმედი, რომ ის სერიოზულად შეხედავს ამ პროექტს. უახლოეს პერიოდში, ვგეგმავ, ოფიციალურად მივმართო პრემიერს, რათა შედგეს აუდიენცია და ამ პროექტზე მივაწოდო ინფორმაცია, რათა დროულად დაიწყოს ის“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები