ადვოკატი: გვჯერა, დადგება დღე, როცა ლევან მურუსიძის მიერ გამწარებული დედის ძეგლს დავდგამთ სასამართლოში

ადვოკატ სალომე აბესლამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 100-მდე ადვოკატის ხელმოწერაა შეგროვებული იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც სასამართლო პროცესებიდან 10 მოსამართლის აცილებას ეხება.
ადვოკატების მიერ წამოწყებული კამპანიის „აიცილე ლევან მურუსიძის“ შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა სალომე აბესლამიძემ და დავით მეტრეველმა ისაუბრეს. მათი თქმით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
როგორც სალომე აბესლამიძემ განაცხადა, კონკრეტული მოსამართლეების აცილების თაობაზე ადვოკატები პეტიციას შეიმუშავებენ, რომელსაც საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ვენეციის საბჭოს გაუგზავნიან.
„კამპანია გრძელდება. ჩვენ, ყოველდღიურად, გვიერთდებიან ადვოკატები. პეტიციასთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებთ. გამზადებულია ტექსტი, რომელიც უნდა გაეგზავნოს ვენეციის საბჭოს, ასევე, წარდგენილი უნდა იყოს პარლამენტში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. პეტიცია მუშავდება ადვოკატების ძალისხმევით. დღეს, სადღაც, 100 ხელმოწერა გვაქვს უკვე. ესენი არიან ის ადვოკატები, რომლებსაც, ყოველდღიურად, აქვთ პროცესები და აქტიურად არიან ჩაბმულები საადვოკატო საქმიანობაში.
ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარია, სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი და სამართლიანი. ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ფართოდ. მხოლოდ ადვოკატები ვერ შექმნიან დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს. ის, რაც ხდება დღეს – მოსამართლეების უვადო გამწესება, უკვე უვადოდ გამწესებული ბატონი ლევან მურუსიძე – ეს არის უკვე სასამართლო სისტემის პრობლემა. ვცდილობთ, განვიხილოთ ეს საკითხები: ქართულ რეალობაში რამდენად არის საჭირო , სასამართლოს ჰყავდეს უვადო მოსმართლეები და რამდენად არის სწორი, რომ უკვე უვადოდ არის გამწესებული ზოგ-ზოგიერთი მოსამართლე. ეს საკითხები უნდა განიხილონ. უნდა დადგეს საკითხი- ვთქვათ, გამწესდა უვადოდ მოსამართლე , როგორი კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს ამ მოსამართლეებზე, გადაცდომებზე როგორი რეაგირება უნდა იყოს, არამხოლოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. ჩვენ ვხედავთ , რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ახერხებს კონტროლს. მე არ ვამბობ წნეხსა და კონტროლს პირდაპირ მოსამართლეზე. მე ვამბობ, რომ მოსამართლის საქმიანობა დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ თუ გადაცდომები არსებობს, ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა იყოს“, – განაცხადა აბესლამიძემ.
ადვოკატ დავით მეტრეველის თქმით, ადვოკატების კამპანია მხოლოდ ლევან მურუსიძეს არ ეხება.
„კამპანიას ჰქვია „აიცილე მურუსიძე“, მაგრამ მარტო მურუსიძის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამას ყველა აცნობიერებს. მურუსიძე ჩვენ წარმოგვესახა, როგორც სასამართლოს სიმბოლო. ამ სასამართლოში განიჭვრიტება სახელმწიფო. როცა კამპანია დაიწყო გიგი სისვაძემ და ჩვენ შევუერთდით, ვიცოდით, რა დავდეთ სასწორზე  – დასაკარგი ძალიან ბევრი გვქონდა. როცა ჩვენ სისტემაში, სასამართლოში შევდივართ, ყველა ჩვენკენ იშვერს თითს. ჩვენ ამით ჩვენი თაობების წინაშე ვიხდით ვალს. ყოველთვის გვწამდა და ახლაც გვწამს, რომ მოვა დრო, როცა მოსამართლეებს მარტო ნაცნობობის საფუძველზე არ აირჩევენ. თან როგორ მოსამართლეებს – ისეთებს , რომმელბმაც ირინა ენუქიძის, შვილმკვდარი დედის ცოდვასა და საცოდაობაში ლომის წვლილი დაიდო. სწორედ ასეთია პატივცემული, ვისზეც ვსაუბრობდით.
გვჯერა, დადგება დღე, როცა ბატონი ლევან მურუსიძის მიერ გამწარებული დედის ძეგლს დავდგამთ სამივე ინსტანციის სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული კამპანია ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებით ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. მათი თქმით, საუბარია როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე – ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე – ასევე, საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები