ლევან გოგიჩაიშვილი: ჯანდაცვის სამინისტროში კრიზისია, ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია

„ჯანდაცვის სამინისტროში კრიზისია, ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია”, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიფინგზე, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ გამართეს, ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დაიბარონ. „ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება, რაც არ იყო მისაღები; მაგალითად, განცხადება, რომ მოხდებოდა სოცმუშაკების ჩანაცვლება, არადა, ამ ადამიანებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნების გამოხატვა. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გზით საუბარი; თუმცა, იმედია, რომ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება იმ შედეგით, როგორც ეს იყო მედიაციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ არის კრიზისი ამ მიმართულებით, მოხდა აფეთქება. ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია”, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
როგორც დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ, ამ მიმართულებით, პოლიტიკას გადახედოს და დააკმაყოფილოს ის ელემენტარული მოთხოვნები, რომლებიც გაფიცულ სოცმუშაკებს აქვთ და რომლის შესრულებაც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები