მანდატურები საქართველოს 7 რეგიონის 27 საჯარო სკოლას დაემატება

სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, დღეიდან, მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გარდა, კიდევ 27 საჯარო სკოლაში იქნებიან წარმოდგენილი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლადდანიშნულმა მანდატურებმა უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში 2-თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.
ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.
დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე 485 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით ისარგებლებს, დამატებით, 233 საჯარო სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები