სუს-ი: ქბრბ უსაფრთხოების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ სუს-ის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
“მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეიარაღებაზე კონტროლი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. შავი ზღვის რეგიონში არსებული ბირთვული საფრთხეები, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და უკრაინის მიერ წვდომის დაკარგვა ატომურ ელექტროსადგურებზე თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმზე და საჭიროებს განსაკუთრებულ საერთაშორისო ძალისხმევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში განთავსებული მოძველებული ატომური ობიექტები ასევე გარკვეული საფრთხის შემცველია.
აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მჭიდრო რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას.
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში სამსახურის მთავარი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები. სამსახური წარმატებით აგრძელებს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის “ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივის“ მთავარი პარტნიორია საქართველოში. ინიციატივის მხარდაჭერით და სამსახურის აქტიური კოორდინაციის შედეგად 2018 წელს საქართველო ჩაერთო არაერთ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტსა და სწავლებაში. აღნიშნულის მიზანს საქართველოს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ერთობლივი ოპერაციებისა და ინციდენტების მართვის ეფექტიანობის ამაღლება წარმოადგენს.
საანგარიშო პერიოდში სამსახური, როგორც საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, აქტიურად ახორციელებდა 2015-2019 წლების ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხელშეწყობას და შესაბამის კოორდინაციას. სამსახურის ორგანიზებით 2018 წლის 13 ივლისს ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიური სხდომა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
სამსახური ასევე წარმატებით აგრძელებს სახელმწიფო საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას. აღნიშნული სისტემების განვითარების მიზნით, აშშ-ის მხარდაჭერით, 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა “პერსონალური განგაშის სისტემის” განახლებული ვერსია, ასევე განხორციელდა „ეროვნული საკომუნიკაციო სისტემის“ ახალი ფუნქციების შემუშავება. აღნიშნულმა ხელი შეუწყო დამატებითი მონაცემების რეგისტრაციასა და დამუშავებას, ინციდენტზე რეაგირების დროის შემცირებას და ოპერაციულ-ტექნიკური მონიტორინგის უფრო ეფექტიან განხორციელებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტული გამოცდილების გაზიარების მიზნით 2018 წელს სამსახურმა უმასპინძლა ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საკითხებზე გამართულ ფართომასშტაბიან სწავლებას “ლომის ფარი”. მასში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანამ. ევროკომისიამ სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველო საუკეთესო პარტნიორად დაასახელა.
ქბრბ უსაფრთხოების მიმართულებით სამსახური აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. 2018 წელს სამსახურის თანაორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა “თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის”.
რეგიონული თანამშრომლობის კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო 2018 წლის ნოემბერში უკრაინის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დელეგაციის ტექნიკური ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და კონტროლის საკითხებში საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიება განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით.
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატებების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბდა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.