სუსი: 2018 წელს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს

“2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 48 პირი”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.
როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24-საათიანი რეჟიმით ახორციელებდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს. ამასთან, ქვეყანაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არ იქნა შემოშვებული უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე. “2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული მიმართულებით, სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიმართულებით, 2018 წელს, 77 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო ოთხს უარი ეთქვა გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდური დაშვების მსურველ 3200-მდე ფიზიკურ პირზე გახორციელდა შემოწმების პროცედურა. 600-მდე პირზე განისაზღვრა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი. 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით. ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობდა ოპერატიული ვითარების მონიტორინგი და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა საფრთხეების დროულად გამოვლენაზე და მათი განეიტრალების მიზნით ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები. მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კვლავ მაღალია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი. ხშირ შემთხვევაში, თანამემამულეების, ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, უცხოელები ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვის გაცემას. სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა 1200-მდე პირი, რომელიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდა საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე, ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები