ამერიკის კონსული კობაურისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებაზე: სასჯელი სამართლიანია
“სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია”, – ასე შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა, ჯენეთ რებერიმ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება.
მისივე თქმით, სმიტების ოჯახი დაკავებულისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს. გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა, 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის – ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.
სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში გასული წლის 28 ივლისს მოხდა.