თბილისის მერია: წყნეთში სანიტარული ჭრების შესახებ მედიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

თბილისის მერია წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანსაღი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ნუშის ბაღების ტერიტორიაზე მხოლოდ დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარეები იჭრება, რაც ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხორციელდება. ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ სანიტარიული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავთ. “სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებულ ფიჭვებთან ერთად, ჯანსაღი ხეებიც იჭრება და აღნიშნული ტერიტორიიდან მოჭრილი ხეების გატანა არ ხდება. მსოფლიო მასშტაბით, დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სანიტარიული ჭრები ხორციელდება. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრები 15 მარტიდან დაიწყო, რომლის პარალელურადაც ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ, დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა უკვე დაწყებულია. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამურად, 3 575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება 2019 წლიდან დაიწყება – მას შემდეგ, რაც სანიტარიული ჭრები დასრულდება. მიმდინარე წელს, თბილისში 13 750 ხისა და 3 136 ბუჩქის დარგვაა დაგეგმილი. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ასევე, ამის პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც გახორციელდება. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოგიწოდებთ ყველას, რომ სანიტარიული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები