“სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია”

დღეს, საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების განხილვა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხებოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიერ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილის შესრულება ახლა მიმდინარეობს. „რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული. არ ყოფილა ისეთი საკითხი, რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა გვქონდა. არის რაღაც წვრილმანი საკითხები, რომლებიც ახლაც მიმდინარე ფაზაშია; თუმცა, ძირითადი რეკომენდაციები არის შესრულებული. იყო რეკომენდაციები დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შესრულებულია. არაერთი ახალი იზოლატორი გავხსენით და გავარემონტეთ. თითოეულ დაკავებულზე 4 კვადრატული მეტრის მოთხოვნა, რომელიც, ასევე, წამების ევროპული კომიტეტის მოთხოვნაც იყო, შესრულებულია. იყო ცალკეული რეკომენდაციები ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად. ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციად გამოვყოფდი სტატისტიკური მონაცემების წარმოების გაუმჯობესებას. იგულისხმება 112-ში შემოსული შეტყობინებები ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რაც, დიდი ხნის განმავლობაში, პრობლემა იყო – ეს საკითხი მოვაგვარეთ. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, ასევე, რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ოჯახში ძალადობის საქმეებზე და ეს რეკომენდაციას უკვე შესრულებულია. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე იყო რეკომენდაცია და ყველამ კარგად იცის, აქ რამხელა პროგრესი გვაქვს. სამჯერ არის გაზრდილი მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები, 150-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული. კამერებთან დაკავშირებით, იყო რეკომენდაციები, რომლებიც, ასევე, შესრულებულია. ეს არ იყო მხოლოდ სახალხო დამცველის რეკომენდაცია. როდესაც ჩვენ მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირველი, რაც ვთქვით, იყო ის, რომ კამერებით უნდა აღგვეჭურვა პოლიციის დაწესებულებები. დეპარტამენტებში, განყოფილებებში, სამმართველოებში კამერები დამონტაჟებულია – ფუნქციონირებს. ახალი სამხრეკამერებით არიან აღჭურვილნი პატრულ-ინსპექტორები. არის რაღაც რეკომენდაციები, რომლებიც არის ნაწილობრივშესრულებული იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესშია. მაგალითად, იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა. ბუნებრივია, 29-ვე იზოლატორში ერთ თვეში ვერ მოხერხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება; ამიტომ, ნაწილში უკვე გახსნილია, ნაწილში კი მიმდინარე პროცესია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები