კახა კალაძე ტაქსებზე: არის ლიცენზიის ორი მიმართულება – A და B კატეგორიები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მანათობლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ვალდებულებები და პრივილეგიები, რომლებიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ.
„როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება – A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს აქვთ არანაირი ვალდებულებაა არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენებისა. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს – მათ აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა მოუწევთ. ამ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია გაახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია – ქალაქში მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ის სპეციალური მანათობელიც წარადგინა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემა. ერთიანი ვიზუალური სტანდარტის მანათობლები ღამის საათებში წითლად მაშინ იქნება განათებული, როდესაც ტაქსი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები