სავარაუდოდ, ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის ფაქტზე მოზარდი დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა
როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო „იუთუბიზე“ ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი.
როგორც ცნობილია, ამ საქმის ფარგლებში არაერთი პირი დავაკავეთ და სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებისა და ზოგიერთი პარტიის მხრიდან ისმის მოწოდებები იმის შესახებ, თითქოს, გარკვეული ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს; რომ, თითქოს, გადაგზავნა არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე „იუთუბიზე“ ატვირთვა. ამ ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება, დანაშაულის წამახალისებელი აღმოჩნდეს. შენახვა, გადაგზავნა, ატვირთვა ეს არის დანაშაული და როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.
სავარაუდოდ, საქმე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელებას ეხება.
ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, მისმა ერთ-ერთმა ფეისბუქმეგობარმა კომენტარებში დაუწერა, რომ “იუთუბზე” ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კვლავ არის განთავსებული. ჟურნალისტმა ინფორმაცია სამართალდამცველებს გუშინვე მიაწოდა და დღეს ის საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული.