მარტოხელა მოხუცს სოციალური შემწეობა მოუხსნეს – „40 ლარის დენი დაწვი და ე.ი. ფული გაქვსო“
ანზორ კიკვაძე 68 წლისაა. რამდენიმე წლის წინ გადატანილი ინსულტის შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, ცალი ხელი პარალიზებული აქვს და ვერ ამოძრავებს. სახსრების ტკივილის გამო, მოხუცს სადილის გაკეთება, რეცხვა, შეშის ჩეხვა, მაღაზიაში სიარული არ შეუძლია. მთელ დღეს ერთ პატარა ოთახში ატარებს, ელექტროღუმელის მეშვეობით თბება და ვინმე კეთილ ადამიანს ელოდება, ვინც წყალს დაალევინებს და დააპურებს.
ანზორ კიკვაძე, წლების განმავლობაში, სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებდა; თუმცა, ამასწინათ, მას დახმარება შეუჩერეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ხანდაზმულ ადამიანს განუცხადეს, რომ მისმა ელექტროღუმელმა 40 ლარის დენი დაწვა და რადგან გადაიხადე, ესე იგი ფული გაქვსო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ჩერნოვეცკის“ ფონდი სოფელ ფარცხანაყანების გამგებელს, ნიკა თევდორაძეს დაუკავშირდა, რომელიც საქმის კურსში აღმოჩნდა. მან წუხილი გამოხატა მომხდარი ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლიანობის აღსადგენად შუამდგომლობით მიმართავს.
„ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომადგენელი ანზორ კიკვაძეს ესაუბრა:
– როგორ უძლებთ ასეთ რთულ პირობებს? ვინ გეხმარებათ?
ანზორ კიკვაძე: ღმერთის წყალობით, ვუძლებ. მეზობლები მეხმარებიან. ღარიბი სოფელია, მაგრამ კეთილი ხალხი ცხოვრობს. ხან სახლს დამილაგებენ, ხან მაღაზიაში გამეგზავნებიან, ხანაც მჭადსა და ლობიოს შემომიტანენ.
– რატომ მოხდა ისე, რომ მარტო დარჩით?
ანზორ კიკვაძე: მთელი ცხოვრების მანძილზე მუშა ვიყავი. წლების განმავლობაში, ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა. ყურადღება არ მივაქციე, რადგან დრო არ მქონდა. ჯერ და–ძმა გარდამეცვალა, შემდეგ მშობლების მოვლაზე უნდა მეზრუნა – საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი. არც ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო და დავრჩი მარტო…
–ახლა როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავალი?
ანზორ კიკვაძე: პენსია არის ჩემი შემოსავალი. 40–50 ლარი დენის საფასურია, დანარჩენი 150 ლარი მიდის პურზე და წამლებზე…
–მარტო ყოფნა ძალიან გიჭირთ?
ანზორ კიკვაძე: სხვა რა გზაა. მივუჯდები ელექტროღუმელს და ვკითხულობ.
–რას კითხულობთ?
ანზორ კიკვაძე: „წმინდანთა ცხოვრებას“. შესანიშნავი წიგნია! ხანდახან, რომ ვკითხულობ, ცრემლები მომდის…
– ეს იმედის ცრემლებია?
ანზორ კიკვაძე: დიახ, დიახ. სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ და მაქვს იმედი, რომ კეთილი ადამიანები გამომიწოდებენ დახმარების ხელს და ცოტათი მაინც მოვითქვამ სულს… ისე კი ვოცნებობ, რომ ბედნიერი საქართველო ვიხილო, სადაც ხალხი არ იშიმშილებს და… ერთმანეთის სიყვარულში ვიქნებით!
„მეგობრებო, დაეხმარეთ ანზორ კიკვაძეს! ის საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, მაცივარს, ტელევიზორს, თეთრეულს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება. თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ კიკვაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.
R